ბასკერვილების ძაღლი -
თავი პირველი -
მისტერ შერლოკ ჰოლმსი მისტერ შერლოკ ჰოლმსი მაგიდას მისჯდომოდა და საუზმობდა. იგი ჩვეულებისამებრ გვიან დგებოდა, იმ არცთუ იშვიათ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, როცა საერთოდ არ უხდებოდა ხოლმე დაწოლა. ბუხართან პატარა ნოხზე ვიდექი და ხელში იმ ჯოხს ვატრიალებდი, ჩვენს გუშინდელ სტუმარს რომ დარჩა. ეს იყო ბუნიკიანი საკმაოდ მოზრდილი ჯოხი, - ერთ-ერთი იმ საგნებიდან, რომელსაც „საფუძვლიან საბუთს“ უწოდებენ ხოლმე. ბუნიკის ქვემოთ მიჭედებულ გოჯის სიგანის ვერცხლის ფირფიტაზე ასეთი წარწერა იყო: „ჯეიმს მორტიმერს, ჩ. კ. ჰ. ო., მისი მეგობრებისგან ჩ.კ.ლ.ს.-დან“, მერე კი თარიღი: „1884“. ძველ დროში ასეთ მაგარ, მძიმე, საიმედო ჯოხებს პატივცემული შინაური ექიმები ატარებდნენ.
- აბა, უოტსონ, რას იტყვით მაგ ჯოხზე?
ჰოლმსი ჩემკენ ზურგით იჯდა და მეგონა, ჩემი მანიპულაციები მისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა.
- საიდან იცით, რას ვაკეთებ? კაცი იფიქრებს, ზურგზეც თვალები გაქვთ!
- მაგაზე ადვილი რაა, როცა ჩემ წინ გაპრიალებული ვერცხლისფერი ყავადანი დგას და შიგ ყველაფერი მოჩანს, - მიპასუხა შერლოკმა, - მართლა, უოტსონ, რას იტყვით ჩვენი სტუმრის ჯოხზე? ისე გაგვეპარა, ვერც შევნიშნეთ და არც კი ვიცით, რისთვის მოვიდა. რაკი ასეთი მარცხი მოგვივიდა, ახლა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ შემთხვევით დარჩენილ ნივთს. შეისწავლეთ ჯოხი და სცადეთ ამის მიხედვით პატრონის პიროვნების დადგენა, მე კი მოგისმენთ.
- მე თუ მკითხავთ, - დავიწყე და თან ვცდილობდი ჩემი მეგობრის მეთოდს მივყოლოდი, - ჯოხის პატრონი, ექიმი მორტიმერი ასე, შუახნის კაცი უნდა იყოს, თანაც ყველასგან პატივცემული, რაკი მეგობრები ასეთი ყურადღებით ეკიდებიან.
- კარგია! - თქვა ჰოლმსმა, - ჩინებულია!
- ამას გარდა, ვფიქრობ, რომ სოფლის ექიმია და, მაშასადამე, ფეხით ბევრი ხეტიალი უხდება.
- ასე რატომ ფიქრობთ?
- იმიტომ, რომ ეს ჯოხი, ეტყობა, ადრე არცთუ ურიგო ყოფილა, ახლა კი ისეა გაცვეთილი, წარმოუდგენელია, ქალაქელ ექიმს ეჭიროს ხელში. რკინის ბუნიკი სრულიად მოსცვეთია, ჩანს, ექიმ მორტიმერს ამის დახმარებით არაერთი მილი გაუვლია.
- უაღრესად ჯანსაღი მსჯელობაა, - თქვა ჰოლმსმა.
- ამ წარწერისა კი: „მეგობრებისგან ჩ.კ.ლ.ს.-დან“ აი, რა გითხრათ: ვფიქრობ, ასოები „კ.ლ.ს.“ აღნიშნავს კლუბს, უფრო მოსალოდნელია, რომ მონადირეთა კლუბს, რომლის წევრებსაც ალბათ, სამედიცინო დახმარებას უწევდა, რისთვისაც ეს პატარა სახსოვარი მიურთმევიათ.
- უოტსონ, თქვენ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეთ! - შესძახა ჰოლმსმა, სავარძელში გადაწვა და სიგარეტი გააბოლა, - შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ ჩემი მცირე დამსახურების ჩვეული თავაზიანობით აღწერის დროს, საკუთარ შესაძლებლობას ამცირებთ. თუ საკუთრივ თქვენგან არ იფრქვევა სინათლის მოკაშკაშე სხივი, ყოველ შემთხვევაში, თავად ხართ სინათლის მეგზური. განა ცოტაა ისეთი ხალხი, რომლებიც თვითონ არ ბრწყინავენ ნიჭით, მაგრამ სხვა ადამიანებში ნიჭის ნაპერწკალს აღანთებენ. ესეც საგულისხმო ნიჭი და უნარია. მე თქვენგან უზომოდ ვარ დავალებული, ჩემო მეგობარო.
პირველად მესმოდა ჰოლმსისგან ასეთი რამ და უნდა მოგახსენოთ, რომ მისმა სიტყვებმა განუსაზღვრელი სიამოვნება მომანიჭა, რადგან, ცოტა არ იყოს, თავმოყვარეობას მიბღალავდა ჰოლმსის გულგრილობა ჩემდამი. აღტაცებული ვიყავი მისი პიროვნებით და ვცდილობდი, ამ კაცის მუშაობის მეთოდი საქვეყნოდ ცნობილი გამეხადა, ის კი ჩემს მონდომებას ყოველთვის უხალისოდ ხვდებოდა. გარდა ამისა, ვამაყობდი იმით, რომ შევძელი ჰოლმსის მეთოდის არა მარტო ათვისება, არამედ მისი პრაქტიკული გამოყენებაც და ამით ჩემი მეგობრის ქება დავიმსახურე. ჰოლმსმა ჯოხი გამომართვა და მასზე დაკვირვება შეუიარაღებელი თვალით დაიწყო. შემდეგ, ეტყობა, რაღაცამ ძალიან დააინტერესა, სიგარეტი განზე გადადო, ფანჯარასთან მივიდა და ისევ განაგრძო ჯოხის დათვალიერება, ოღონდ უკვე გამადიდებელი შუშით უკირკიტებდა.
- ღმერთმა უწყის, რა არის, მაგრამ მაინც საგულისხმოა, - თქვა და თავის საყვარელ ადგილზე დაბრუნდა, დივნის კუთხეში, - აქ რაღაც მონაცემებია და მათ ზოგიერთი დასკვნისთვის გამოვიყენებთ.
- ნუთუ რაიმე გამომეპარა? - ვკითხე, ცოტა არ იყოს, თვითკმაყოფილების გრძნობით, - იმედი მაქვს, სერიოზული არაფერი გამომრჩენია?
- სამწუხაროდ, ჩემო ძვირფასო უოტსონ, თქვენი დასკვნების დიდი ნაწილი მცდარია. როცა გითხარით სინათლის მეგზური ხართ-მეთქი, იცით, რას ვგულისხმობდი? - რომ წინა კაცი უკანა კაცის ხიდია და თქვენი მარცხი და შეცდომა ზოგჯერ სწორი გზის პოვნაში მეხმარება. მაგრამ ამჯერად დიდად არ შემცდარხართ. ეს კაცი ნამდვილად არ ეკუთვნის ქალაქში მოსაქმეთა რიცხვს. იგი ფეხით მართლაც საკმაოდ ბევრს დადის.
- მაშ, მართალი ვყოფილვარ.
- ამ ერთში - კი.
- მაგრამ ეს ხომ ყველაფერია?
- არა, არა, ჩემო ძვირფასო უოტსონ, ეს ყველაფერი არ არის, სულაც არ არის ყველაფერი. მაგალითად, მსგავსი საჩუქარი ექიმს, სავარაუდოდ, უფრო რომელიმე სამკურნალო დაწესებულებისგან შეეძლო მიეღო და